აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ყარაბაღში

19-09-2023 22:41:48 მსოფლიო

აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ყარაბაღში. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი მშვიდობის შექმნის მცდელობებს.

„ეს ქმედებები აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. [...] მოწოდებით გამოვდივართ, სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის პატივსაცემი დიალოგი“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები