ყარაბაღის ომბუდსმენი 25 დაღუპულისა და 138 დაჭრილის შესახებ იუწყება

19-09-2023 22:45:43 კავკასია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენი აზერბაიჯანის მიერ დღეს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ადგილობრივი დროით 20:00 სთ-ისთვის 25 დაღუპულისა და 138 დაჭრილის შესახებ იუწყება.

"სტეპანაკერტის მორგიდან მიღებული ინფორმაციით, დაღუპულია უკვე 25 ადამიანი, მათ შორის - ორი მშვიდობიანი მოქალაქე. გვაქვს ასევე ინფრმაცია 138 დაჭრილის შესახებ, რომელთაგან 20 მშვიდობიანი მოქალაქეა" - წერს ომბუდსმენი Twitter-ში.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები". ამასთან, ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".

მანამდე ბაქომ ჭურვის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცეებით, ჭურვი "სომხეთის შეარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზრბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით ჩადო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები