
ყარაბაღი აზერბაიჯანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს
20/09/2023 07:17:16 კავკასია
ყარაბაღი აზერბაიჯანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.
ყარაბაღის ცნობით, "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც უტევენ, სომეხი სამხედროები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ".
თავის მხრივ, აზერბაიჯანი დეზინფორმაციას უწოდებს სომხური მხარის განცხადებებს.
„ჩვენი ძალები ზუსტი დარტყმებით ანადგურებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს და საბრძოლო ტექნიკას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ადგილობრივ მცხოვრებთ აიძულებენ იარაღის ხელში აღებას და საბრძოლო პოზიციებზე გასვლას", – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროში.
ცნობისთვის: 19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.
თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.
ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 27-ს მიაღწია, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.