
ამერიკელი სამხედროები სომხეთში რჩებიან
20/09/2023 10:04:58 კავკასია
ამერიკელი ჯარისკაცები სომხეთში ოთხშაბათს დაასრულებენ სომხურ სამხედროებთან ერთად სამხედრო წვრთნებს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება ამაზე არ იმოქმედებს,– იტყობინება Reuters ამერიკელ სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
მისი თქმით, 10-დღიან Eagle Partner 2023 წვრთნებში, რომელშიც 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი მონაწილეობს, ცვლილებები არ მომხდარა.
„არ ვფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებათ ჩვენს ჯარისკაცებს, ამიტომ, ისინი წვრთნების ხანგრძლივობით დარჩნენ“, - თქვა მან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზნადაც დაასახელა, „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.
20 სექტემბერს მთიანმა ყარაბაღმა ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების გადაწყვეტილება მიიღო.