Accentnews.ge
სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის და სხვა პირების საქმის განხილვას ხელახლა დაიწყებს

სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის და სხვა პირების საქმის განხილვას ხელახლა დაიწყებს

20/09/2023 11:38:49 პოლიტიკა, სამართალი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სადაც ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე განიხილებოდა, მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა. ადვოკატები მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას მოითხოვდნენ. როგორც მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარემ, ნინო ელიეშვილმა განმარტა, გადაწყვეტილება კოლეგიამ ერთხმად მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმად მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობაში ცვლილების დროს მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევაა საჭირო. საქმეში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სათადარიგო მოსამართლის სტატუსით არ ჩართულა. მან კოლეგიაში მოსამართლე ლია ორკოდაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პენსიაზე გავიდა.

ადვოკატების შუამდგომლობას საქმის ხელახლა გამოკვლევის შესახებ დაეთანხმა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც დღევანდელ სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ პროკურატურის წარმომადგენლები, ისინი შუამდლობალობას დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ. მათივე განცხადებით, მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევა პროცესს არაგონივრულად გაახანგრძლივებს.

„7 ნოემბრის საქმე” ამ დღეს მიტინგის დარბევას, „იმედში” შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას” აერთიანებს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ საქმეში ბრალდებულები არიან სხვა მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბრალი წარედგინა. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "7 ნოემბრის საქმის" გარდა კიდევ ორი საქმეა აღძრული. 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S