პრეზიდენტი – სებ–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: მივმართავ საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი
20/09/2023 13:27:42 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საზოგადოებას მიმართავს, რომ "ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი".
მისი თქმით, აღნიშნული მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა სებ-ს და ეს ზიანი ქვეყანას და ეროვნულ ბანკს სწორედ მათ მიაყენეს, ვისაც ევალებოდა, ბანკის დამოუკიდებლობაზე ეზრუნა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ დღეს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.


