ზურაბ ჯაფარიძე: პროტესტის გარეშე რუსული ხელისუფლების გაშვება რთულად წარმომიდგენია
20/09/2023 15:10:58 პოლიტიკა
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ხელისუფლებაში რუსები არიან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადასაყენებლად, საზოგადოების პროტესტი აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
„მთავარმა პარტნიორმა აშშ-მ გვითხრა, რომ ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ გავლენას ახდენს საქართველოში საზოგადოების აზრსა და პოლიტიკაზე, ეს არის ლუსტრაცია. თუ ვინმესთვის კითხვის ნიშნები არსებობდა, რა ტიპის ხელისუფლება გვყავს, ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ხელისუფლებაში რუსები არიან. ეს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს, ვისაც საკუთარი შვილების მომავალი სურს. თუ ვინმეს აქვს ილუზია, საქართველოში არიან პარტიები, რომელსაც ხალხის მობილიზებული არმიები ჰყავს, ეს მათი გასაკეთებელია, მე ვიჯდები ტელევიზორთან და დავაკვირდები, მინდა მათ იმედები გავუწბილო. ქუჩის პროტესტის გარეშე რუსული ხელისუფლების გაშვება რთულად წარმომიდგენია“, - უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე აქციაზე.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაციას, ჯაფარიძე ამბობს, რომ მათ შორის კონტაქტი აქამდეც იყო, მაგრამ ახლა უფრო რეგულარული ხასიათი აქვს შეხვედრას და გარკვეულ საკითხებზე საუბარს:
„გააზრება იმისა, რა რეალობაში ვცხოვრობთ და რა საფრთხეების წინაშე არის ქვეყანა, რა შესაძლებლობები გვაქვს, რომელიც შეიძლება ისტორიის ამ მომენტში გამოვტოვოთ, ამის გააზრება ამ პოლიტიკურ მოთამაშეებში დღეის მდგომარეობით გაცილებით მეტი და მაღალია, ვიდრე ნახევარი წლის წინ იყო. დანარჩენი გეგმები, ასე და ისე ვიზამთ, ასეთი რაღაცების არ მჯერა. ამიტომ, არასდროს ვყვები“.
თბილისში, ეროვნული ბანკის სათაო ოფისის მიმდებარედ საპორტესტო აქცია იმართება ბანკის გადაწყვეტილების გამო, დაიცვას აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის აქტივები.


