
„ფორმულა“: ფარცხალაძის დაცვა არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა
20/09/2023 17:24:38 სამართალი, საზოგადოება
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, აშშ–ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ არხის გადამღებ ჯგუფს, რომლებიც რეპორტაჟზე მუშაობდნენ.
ჟურნალისტები ყვებიან, რომ დაცვამ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოპერატორისთვის ტექნიკის და ტელეფონის წართმევა სცადა, ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტსაც, რომელიც ოპერატორის დახმარებას ცდილობდა.
არხმა გამოაქვეყნა დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრებიც.
„ბროდვეი არ არის და სასეირნო არ არის აქ“,– ეუბნება ჟურნალისტს სავარაუდოდ დაცვის წევრი. თავის მხრივ ჟურნალისტი მას უხსნის, რომ იმყოფება არა კერძო, არამედ საჯარო სივრცეში.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია გამოიძახეს.
არხისვე ცნობით, გადამღებმა ჯგუფმა შეძლო დრონით კადრების გადაღება, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის ფარცხალაძე სავარაუდოდ, საქართველოში იმყოფება, „იღებს სტუმრებს – მის ეზოში შეიმჩნევა ხალხმრავლობა“.