
მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირი რეგიონში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის
20/09/2023 19:29:56 კავკასია
მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირი რეგიონში სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის.
"ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება რეგიონში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ტოივო კლაარის გაგზავნასთან დაკავშირებით. ის შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს მოგვაწვდის", – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირმა ასევე გააფრთხილა აზერბაიჯანი თავი შეიკავოს რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობის განდევნისგან და მოუწოდა ღირსეულად მოექცეს ადგილზე მცხოვრებ ეროვნებით სომეხ მოქალაქეებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზნადაც დაასახელა, „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.
20 სექტემბერს მთიანმა ყარაბაღმა ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების გადაწყვეტილება მიიღო.
დღის ბოლოს საზოგადოებისადმი მიმართვისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში 24-საათიანი „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დროს ყველა მიზანი მიიღწა, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Report.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა მალე იხილავს ცვლილებებს უკეთესობისკენ. იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია – თანაცხოვრება მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს სომეხ ხალხთან, არ გვაქვს მტრობა“, - ციტირებს ალიევის სიტყვებს Azertag.
მან დასძინა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ გამოავლინა პოლიტიკური კომპეტენცია და ამას აფასებს.