
ოთარ ფარცხალაძემ შვილს ქონება დაჩქარებული წესით გადაუფორმა
20/09/2023 22:46:44 სამართალი
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა.
ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში.
პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა კომერციული ფართები თბილისის ცენტრში, სასტუმროს ნომრები, ბინები და მიწის ნაკვეთი. უფრო ზუსტად:
- სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში (წავკისი) - 1001 კვადრატი;
- სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 25 კვადრატი;
- სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 26 კვადრატი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 143 კვადრატი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 336 კვადრატი;
- კომერციული ფართი ვაკეში- 101 კვადრატი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 204 კვადრატი;
- ბინა საბურთალოზე - 78 კვადრატი;
- ბინა საბურთალოზე - 91 კვადრატი;
- ბინა საბურთალოზე - 38 კვადრატი.
ყველა ეს განაცხადი საჯარო რეესტრში 20 სექტემბერს 12:00 საათის შემდეგ შევიდა და პასუხი 18:00 საათამდე მიიღეს. უფრო ადრე, 19 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაწყებული ჰქონდა.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა შპს "ჯიპიეს კონსალტინგის" 100%–იანი წილიც.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა, და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თამახმად, "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია" და "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.