
"დამოუკიდებელი დეპუტატები": "გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნას დაველოდებით"
06/12/2019 13:51:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნებიდან" გასული დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია პარლამენტში დარეგისტრირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტს გამოეხმაურნენ, რომელიც ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით მომზადდა.
განცხადებაში დამოუკიდებელი დეპუტატები წერენ, რომ თითოეულმა მათგანმა 14 ნოემბრის კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რადგან თვლიან, რომ ეს ცვლილება ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობდა ხელს.
"სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ,"- წერია განცხადებაში.
დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებით, მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან.
"ფრაქცია 'დამოუკიდებელი დეპუტატები' დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს,"- წერია განცხადებაში.
დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი შეკითხვა იკვეთება და თავად კონსტიტუციონალისტებს შორის ურთიერთოგამომრიცხავი პოზიციებია.
"ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელთან ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე,"- წერია განცხადებაში.
ფრაქციის "დამოუკიდებელი დეპუტატები" წევრები არიან - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.