21-09-2023 12:56:07 კავკასია
მთიანი ყარაბაღის სომხების დელეგაცია აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ჩავიდა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ის ცნობით, სომხურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებიან რუსი სამხედროები.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის ხელისუფლებას წარმოადგენს ყარაბაღის რეგიონის სომეხ მაცხოვრებლებთან კონტაქტებზე პასუხისმგებელი პირი რამინ მამედოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ბაშირ ჰაჯიევი და სპეციალური წარმომადგენელი ილკინ სულთანოვი. ყარაბაღის სომხებს წარმოადგენენ სერგეი მარტიროსიანი და დავით მელკუმიანი, წერს –რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე განიხილება „აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები“ ყარაბაღის სომხური თემის რეინტეგრაციის შესახებ, ასევე აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის თემები.
მოლაპარაკებების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ფაქტობრივად დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის ყველა მოთხოვნას, რომელიც მათი სამხედროების განიარაღებას და დაშლას მოითხოვდა.
"აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც ბაქოში სომხეთისკენ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნამდე უნდა გადაიყვანონ. მათ შორის არიან არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები, ასევე სამთავრობო და სამხედრო პირები", – წერს სომხური გაზეთი Hraparak წყაროებზე დაყრდნობით.
სომხეთში გრძელდება საპროტესტო აქციები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არ ჩაერიოს ყარაბაღის საკითხში. ისმოდა პროტესტი რუსეთის მისამართითაც. რიგმა მოქალაქეებმა რუსული პასპორტები დაწვეს.
19 სექტემბერს აზერბაიჯანის არმიამ გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია ყარაბაღში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ მიზნით. 20 სექტემბერს ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა აღიდგინა სუვერენიტეტი და სცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.