21-09-2023 16:33:47 კავკასია
ბაქო აცხადებს, რომ ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ელჩინ ამირბეკოვმა განაცხადა Sky News Arabia–ს ეთერში.
ამირბეკოვის თქმით, მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან დიალოგი ასევე ხელს შეუწყობს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას.
სპეცწარმომადგენელმა თქვა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი შედგება ხუთი ძირითადი პუნქტისგან, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართალში. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემა, ორივე მხარემ დაადასტურა თავისი ერთგულება ამ პრინციპისადმი“, - აღნიშნა ამირბეკოვმა.
მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პროექტი „სახელმწიფოებს შორის საზღვრების პატივისცემის გარდა, ითვალისწინებს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას“ და ასევე „აცხადებს, რომ მხარეები არ ერევიან ერთმანეთის საშინაო საქმეებში“.
„ჩვენ სომხურ მხარეს მივაწოდეთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი და ახლა ველოდებით მათ პასუხს",– დასძინა მან.
20 სექტემბერს ალიევმა მას შემდეგ რაც, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა, თქვა, რომ აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.