აუსტრევიჩუსი: ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკავშირი არ დაადანაშაულოთ, ეს ალბათ, ნაკლებად დამაზიანებელი სტრატეგია იქნება
21/09/2023 14:20:31 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს მიმართავს, რომ 12 ევრორეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკავშირი არ დაადანაშაულოს. ამის შესახებ მან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
"თუ რომელიმე ქვეყანას, რომელსაც სურს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქვს სერიოზული ეჭვები პერსპექტივებზე ან ქვეყნის ინტერესზე გაყვეს ამ პოლიტიკის ხაზს, კერძოდ, საქართველო, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის იმყოფება, ჩემი რჩევა იქნებოდა, არ იჩქაროთ – თუ გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ევროკავშირს უკავშირდება, ნუ იქნებით ხმაურიანი და არ დაადანაშაულოთ სხვები, განსაკუთრებით, ევროკავშირი, რომ ამას ვერ მიაღწიეთ. ეს ალბათ, ნაკლებად დამაზიანებელი სტრატეგია იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორობის გაძლიერების და უფრო მეტი მეგობრების შეძენის ნაცვლად, თქვენ დაშორდებით ამ პარტნიორობას და, ალბათ, მიიღებთ რამდენიმე ოპონენტსაც ევროკავშირში. შეხედეთ თქვენი ხალხის მოლოდინებს, ქართველებს სურთ ევროპაში", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის: 2022 წელს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მის ნაცვლად ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო 12 რეკომენდაცია. მათ შესრულებაზეა დამოკიდებული, მიენიჭება თუ არა საქართველოს 2023 წლის ბოლოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი.


