სამადაშვილი სებ-ის საბჭოს ახალ წევრზე: ყეინიშვილის ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში
21/09/2023 16:25:27 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხაადებს, რომ "ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეული წევრის ნანა ყეინიშვილის ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში".
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმების პროცესი. ამიტომ არის კობახიძე კმაყოფილი, რადგან რუსული დავალება რაც აქვთ არის, რომ შეუძლებელი გახადოს სტატუსის მონიჭება ევროკავშირმა, რადგან ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაცია არის ორი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის. „ქართულმა ოცნებამ" დღეს წარმატებით გააფორმა ამ მიმართულებით უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო, არ გაუქმდება, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ, რაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც გვითხრა, რომ სანქციებს ვინც არ ემორჩილება, ქმნის საფრთხეს, რომ გახდეს სანქციების სამიზნე. რაც შეეხება კანდიდატებს, ხომერიკზე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია, რაც შეეხება ყეინიშვილს, მისი, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება, ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ, როგორ შეიძლებოდა ამ პოსტზე მსგავსი პიროვნების დასახლება. თუმცა, გასაგებია, „რუსულმა ოცნებამ“ რატომ დაამტკიცა სიხარულით ეს ქალბატონი, რადგან გარდა საეჭვო ფინანსური გარიგებებისა, მისი ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში, ასე რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან ლოგიკურია”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია.
ნანა ყეინიშვილმა 1986 წელს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2004-2005 წლებში ამავე ინსტიტუტში ასპირანტურაზე სწავლობდა. 2005 წელს მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2022 წელს ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
ნანა ყეინიშვილის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს იწყება, როდესაც ის „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება. 2012 წელს იგი გახდა დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ამავე წლებში ის იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა, მიზეზად პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა. „ოცნების“ რიგებიდან გასვლის შემდეგ ყოფილმა დეპუტატმა პარტია „ჩვენები“ დააფუძნა.
გარდა პოლიტიკისა, ნანა ყეინიშვილი საქართველოში ბიზნეს-საქმიანობასაც ეწევა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, იგი ამ დროისთვის არის 10-ზე მეტი კომპანიის დამფუძნებელი, მეწილე და დირექტორი. ნანა ყეინიშვილი 2001-დან 2012 წლამდე იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი. პოლიტიკაში მოსვლამდე მას თანამდებობის დატოვება მოუწია, თუმცა საკმაოდ ხმაურიანად. მაშინ ოპონენტები ამბობდნენ, რომ ყეინიშვილმა „წითელი ჯვარი საკუთარ შპს-დ გადააქცია და „ქართულ ოცნებაში“ წასვლის შემდეგ შვილს გადაულოცა.


