აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

22-09-2023 11:20:03 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციებისადმი მიდგომის შეცვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია". ამის შესახებ ელჩი ო'ბრაიენი ​"აქცენტისთვის" მიწოდებულ წერილობით კომენტარში საუბრობს.

ო'ბრაიენი წუხილს გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო და სანქციების რისკის შესახებ აფრთხილებს მათ, ვინც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკურ და იურიდიული პირებთან, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს განახორციელებენ.

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს დემოკრატიული ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად იქცა. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება, შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.

ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს მიმდინარე წლის 28 ივნისს სტუმრობდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ დირექტორ კუმარ აიერსა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ დევიდ ო'სალივანთან ერთად.

  • ო'ბრაიანი ვიზიტის მთავარ მიზნად სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ასახელებდა.

მაშინ ელჩმა შემდეგი აღნიშნა:

  • "ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. [...] ჩვენი შეხვედრების და ურთიერთობების მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში.
  • ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას. საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა".

ამავე თემაზე: რა თქვეს საქართველოს შესახებ აშშ–ისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც სანქციების საკითხებზე მუშაობენ (ძირითადი აქცენტები)

ახალი ამბები

სხვა სიახლეები