
ზელენსკი კანადაში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა
22/09/2023 07:15:13 მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაადასტურა, რომ დღეს, 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება კანადაში მისი დაუანონსებელი ვიზიტის დროს.
სამთავრობო ონფორმაციის მიხედვით, ლიდერები განიხილავენ კანადის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
ზელენსკი და ტრუდო ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესახებ.
„მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ უფრო დიდ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ პუტინის რეჟიმზე, მათ შორის რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ნავთობი და გაზი სანამ ის პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი ტორონტოში გამგზავრებამდე სიტყვით მიმართავს პარლამენტს ოტავაში, სადაც შეხვდება კანადელ ბიზნესმენებს, რათა გააძლიეროს კერძო სექტორის ინვესტიციები უკრაინის მომავალში.
ზელენსკი 21 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს.
ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტისას ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.