ბექა ლილუაშვილი: პარტნიორებმა დაინახეს, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო
22/09/2023 08:29:16 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.
მისი თქმით, "მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება".
„მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშირში? ან რაიმეთი მის გავლენებს საქართველოში შეასუსტებს? მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რადგან ის პასუხისმგებლობას არიდებს ადამიანებს, რომელიც დადასტურებულად რუსეთის აგენტია. ეროვნული ბანკი რომ დაკარგულია და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ესეც შემდგარი მოცემულობაა. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არაფრისმომცემია და პრობლემის გადაჭრის გზა. ამიტომ უკაცრავად, სისულელეები არ არის მთავარი, მთავარი არის რუსული ბრძანების გაუქმება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობა შეუწყდება, მე მაგალითად, საგამოძიებო კომისიას ვერ დავაინიცირებ ფარცხალაძეზე, ვერ მოვითხოვ, მოვიდეს აქ და კითხვები დავუსვა”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება, შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.


