22-09-2023 12:50:23 კავკასია
აზერბაიჯანი ყარაბაღელი სომეხი მებრძოლებისთვის, რომლებიც იარაღს ყრიან, ამნისტიის საკითხს განიხილავს, თუმცა ყარაბაღის ზოგიერთმა სამხედრო ნაწილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობას გააგრძელებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეტ ჰაჯიევმა Reuters-ს განუცხადა.
„თუნდაც ყოფილ სამხედროებსა და მებრძოლებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება მათი ასე კლასიფიცირება, თუნდაც მათთვის, ჩვენ ამნისტიას ვგეგმავთ“, - განაცხადა ჰაჯიევმა.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მშვიდობისკენ, რადგან მანამდე მედია წერდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სია მოამზადა, რომელთა გადაცემასაც ითხოვდა სომხეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნის გახსნამდე. მით უფრო, რომ როგორც ცნობილია, აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრაზე ყარაბაღელი სომხების და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ამწვავებდა ეთნიკური წმენდის შიშს ყარაბაღის ასასობით მკვიდრში, რომელთა ბედი გაურკვეველი რჩება.
ჰაჯიევმა თქვა, რომ ყარაბაღელი სომხების უფლებები დაცული იქნება აზერბაიჯანში მათი ინტეგრაციის ფარგლებში:
„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არმიის ცალკეულ ჯგუფებისა და ოფიცრებს, რომლებმაც გააკეთეს საჯარო განცხადებები, რომ ისინი არ დათანხმებულან ჩვენს პირობებს და გააგრძელებენ წინააღმდეგობას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რამდენიმე მცირე ჯგუფი ტყეში გადადის. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და უსაფრთხოების დიდი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გამოწვევებს და სირთულეებს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბის".
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ იარაღის დაყრამდე მათ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებოდათ.
აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, რეგიონში გაემგზავრა კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით დატვირთული ორი, 20-ტონიანი ტევადობის ავტომანქანა, კიდევ ორი სატვირთო ავტომანქანით კი პური გაიგზავნა.
ყარაბაღისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შეთანხმების არსებობა დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. 22 სექტემბერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების გარკვეული იმედი არსებობს.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღში არსებულ სიტუაციას უკიდურესად დაძაბული უწოდა და თქვა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი გრძელდება. მიუხედავად ამისა, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ ყარაბაღის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებმაც სახლები საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვეს. რაც შეეხება ყარაბაღელების სომხეთში ევაკუაციას, ფაშინიანის თქმით, ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება და ყარაბაღში მათი ყოფნა შეუძლებელი იქნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, უკვე მზად აქვთ 40 ათასზე მეტი ადგილი, თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობა თავის სახლებში დარჩეს და მშვიდად ცხოვრება განაგრძოს.