
მდინარაძის ინფორმაციით, ფარცხალაძე გამოძიებამ გამოკითხა
22/09/2023 11:09:48 სამართალი
ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო. ინფორმაცია ჟურნალისტებს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ მიაწოდა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
მანამდე დეპუტატი აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ.
"კითხვა არის საგამოძიებო უწყებასთან, მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ. მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, გამახსენეთ თუ შეიძლება, მტკიცებულება რა იყო მის ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ. თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში. სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი - აგენტი ხომ არ ხართო - ეს უნდა კითხოთ კაცს? თქვენ თუ გიმხელენ, საზოგადოებას, ჩვენ არ გვიმხელენ, სუს- ში მაინც უნდა მიაყოლონ ერთი მტკიცებულება იმას, რომ ეს ადამიანი არის აგენტი! თუ არ მიაყოლებენ, კითხვასაც ვერ დაუსვამენ, კითხვის დასმის საფუძველი რომ იყოს, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა მიაწოდონ. ვთხოვთ, ვემუდარებით, მიაწოდონ ასეთი ერთი მტკიცებულება", - განაცხადა მდინარაძემ.