
სტრასბურგმა დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ
22/09/2023 12:05:39 კავკასია
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სომხეთის მთავრობის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისის ცნობით, ევროსასამართლომ დაავალდებულა აზერბაიჯანი, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევა.
ევროსასამართლომ ასევე გადაწყვიტა სასწრაფოდ ეცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის შესახებ.
სომხეთმა სთხოვა ევროსასამართლოს, "გამოიყენოს დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შეუქცევადი დარღვევა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად".
კერძოდ, ერევანმა მოითხოვა, დაავალდებულონ ბაქო, შეწყვიტოს ყველა სამოქალაქო ობიექტის, დასახლების და მოსახლეობის დაბომბვა.