"ჩამოყალიბდეს, იმეგობრებს ჩვენთან, თუ არა!": რუსეთმა საქართველო თავის სავალუტო ბაზარზე არ დაუშვა

22-09-2023 17:18:27 პოლიტიკა ,ეკონომიკა

რუსეთი "მეგობრული და ნეიტრალური ქვეყნების" წარმომადგენელ საკრედიტო ორგანიზაციებსა და ბროკერებს თავის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობებსა და ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე წვდომას უხნის. მსგავსი ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც დღეს პრემიერმა მიშუსტინმა დაამტკიცა, ყველა ყოფილი სსრკ რესპუბლიკაა, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გარდა.

ჩამონათვალში არიან, კერძოდ, აზერბაიჯანი და სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ასევე ალჟირი, ბანგლადეში, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ყატარი, ჩინეთი, კუბა, მალაიზია, მაროკო, მონღოლეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სერბეთი, ტაილანდი, თურქეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ვაჭრობებზე 44 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დაშვებაც იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით სია 32 ქვეყნამდე შემოკლდა.

"საქართველო სიაში იმიტომ არაა, რომ ეს ქვეყანა ერთდროულად თითქოს არამეგობრულიცაა და მეგობრულიც. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, სამომავლოდაც იმეგობრებს რუსეთთან თუ არა. ამაზე იქნება დამოკიდებული, მოხვდება თუ არა მომავალში სიაში" - განუცხადა გამოცემა BFM-ს რუსული ფინანსური სკოლის დამფუძნებელმა ანდრეი პლოტნიკოვმა.

ცნობისთვის: 2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვენების ჩამონათვალი დაამტკიცა. მასში არ მოხვდა საქართველო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციბს არ შეუერთდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები