ფაშინიანი: რუსეთის სამშვიდობო ძალების წარუმატებლობებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ

22-09-2023 16:56:50

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებისადმი მიმართვისას მთიან ყარაბარში რუსი სამშვიდობოების უმოქმედობაზე გაამახვილა ყურადღება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუსულ პროპაგანდაზე და შეახსენა, რომ ერევანი ბოლო წელიწადნახევარია რუსი სამშვიდობოების მხრიდან უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობს.

"ჩვენ გვეკისრება ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ წარუმატებლობაზე, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალებს მთიან ყარაბაღში ჰქონდათ," - თქვა მან.

ფაშინიანმა, მათ შორის, იკითხა, რატომ ვერ შეძლეს რუსმა სამშვიდობოებმა ბოლო ესკალაციის თავიდან აცილება, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში "ანტიტერორისტული ზომების" დაწყება გამოაცხადა.

"თუ მშვიდობისმყოფელებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება შეეძლოთ, რატომ ვერ შეთანხმდნენ თავდასხმამდე, რომ მთიან ყარაბაღზე თავდასხმა არ მოხდებოდა? ბოლოს ყველამ განგაში ატეხა. ჩვენ ვთქვით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის ალყაშია! რატომ არ განხორციელდა მაშინ ეს შუამავლობა? ეს არის კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს," - თქვა ფაშინიანმა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები