22-09-2023 18:21:20 საზოგადოება
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ Airbus-ის ტიპის სამაშველო ვერტმფრენს საქართველო დაახლოებით 6 თვეში მიიღებს.
მისი თქმით, სულ შესყიდულია სამი სამაშველო ვერტმფრენი.
„შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სამაშველო და სამძებრო ოპერაციები. პირველი ვერტმფრენი 6 თვეში უნდა მოგვაწოდონ“, - განაცხადა გომელაურმა პარლამენტში, სადაც ის შოვის ტრაგედიაზე ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.
მინისტრი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული ვერტმფრენების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა შოვში მათი ღამით გამოყენება.
„როგორი თანამედროვე ვერტმფრენი არ უნდა გვყოლოდა, ღამის რეჟიმში ფრენა ამ რელიეფის პირობებში იქნებოდა უსაფრთხო, იმ ვერტმფრენის პირობებში, როგორსაც ველოდებით. ხეობაში და მსგავს ადგილებში ღამე, მთა-გორიანზე ვერტმფრენით ფრენა არ შეიძლება, რაც არ უნდა ღამის ფრენის მოწყობილობა გქონდეს მას.
რომ გაგვერისკა, აფრენილიყო ვერტმფრენი, ბავშვები ჩაგვესვა და ჩამოვარდნილიყო, ხომ გვეტყოდით რატომ გარისკეთო? ჩვენ არ გავრისკეთ ამ ბავშვების სიცოცხლე“, - თქვა გომელაურმა.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ერთ ვერტმფრენს ქვეყანა დაახლოებით წლის ბოლოსთვის მიიღებს.