"ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“, "რეგვენო", ხმა ჩაიწყვიტე" – პოლიტიკური "დისკუსია" პარლამენტში
22/09/2023 14:54:19 პოლიტიკა
დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სამაშველო ოპერაციის გამო გააკრიტიკა. ასევე იკითხა, რატომ არ ჩავიდა პრემიერ–მინისტრი შოვში სტიქიის პირველივე დღეს.
ვაშაძის კრიტიკულ პოზიციას სეძახილები, მათ შორის, შეურაცხმყოფელი, მოჰყვა უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან. მათ ვაშაძეს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.უწოდეს პოპულისტი და "ომის პარტიის" წევრი. ისმოდა შეძახილები, "ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“.
„თქვენი შეძახილებით საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენთ, რადგან კითხვებზე პასუხები არ გაქვთ“, - ასე მიმამართა ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს.
შეძახილები მოჰყვა ეკა ხერხეულიძის გამოსვლასაც, რომელმაც იკითხა, თუ კონკრეტულად რას დაუკრეს ტაში უმრავლესობის დეპუტატებმა, როდესაც შს მინისტრი მსხვერპლზე საუბრობდა.
"რეგვენო, ხმა ჩაიწყვიტე!",– მიმართა უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას ხერხეულიძემ და განაგრძო, რომ მათაც მოუწევთ უმცირესობაში ყოფნა და შემდეგ ამჟამინდელი უმცირესობის დასაცავები გახდებიან.
„კოლეგებო, რომლებიც უმრავლესობაში ბრძანდებით, ეს არის მონაცვლეობითი ამბავი. ოდესღაც ჩვენ ვისხედით მაგ მხარეს და აქეთ იყო ოპოზიცია. თქვენც აუცილებლად შეიცვლებით. ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე, რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მონაცვლეობითი დამოკიდებულება. ეს არ არის კაცის საქციელი, როცა ერთ ადამიანს ნახავთ, შეესევით, ხან უკნიდან ჩაარტყამთ და გგონიათ, რომ ბოსს ასიამოვნებთ. ეს არ არის არც კაცური, არც ადამიანური და მითუმეტეს, არც დეპუტატს შეეფერება. ყველანი ოდესმე მოხვდებით უმცირესობაში და მაშინ იქნებით იმ ხალხის დასაცავი, ვინც დღესაა უმცირესობაში“, - თქვა ხერხეულიძემ.
პარლამენტში შოვის ტრაგედიაზე შს მინისტრს უსმენენ. გრძელდება ხმაურიც.


