ჰაკერებმა რუსული კომპანიის მონაცემთა ბაზა გატეხეს და უზარმაზარ მასალეზე მიიღეს წვდომა

22-09-2023 20:39:44 მსოფლიო

ჰაკერებმა წვდომა მიიღეს რუსული კომპანია "Сирена-Трэвел"-ის მონაცემთა ბაზებზე. ბაზა მოიცავს ინფორმაციას ავიაკომპანიის მგზავრებისა და მათი დაზღვევის შესახებ 2007 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში. ამის შესახებ გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" ჰაკერთა ჯგუფ KibOrg-ის ტელეგრამ–არხზე დაყრდნობით იტყობინება.

ვარაუდობენ, რომ კივერშეტევის უკან დგას Muppets–ის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია KibOrg-თან. უცნობია, არის თუ არა დაჯგუფება კავშირში რომელიმე მთავრობასთან ან სპეცსამსახურებთან.

ჰაკერებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს მოპოვებული ორი მონაცემთა ბაზის ფრაგმენტები. „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რომ ამ ფრაგმენტებში მათ აღმოაჩინეს მონაცემები ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ფრენების შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. ამასთან, ეს მონაცემები ემთხვევა თავად კნაისლის ცნობებს საკუთარი გადაადგილების თაობაზე.

როგორც ჰაკერები წერენ, ორი მონაცემთა ბაზა მოიცავს 664,6 მილიონ ჩანაწერს მგზავრების პერსონალური მონაცემებით, ფრენის ნომრებით, მარშრუტებით, ტარიფებით და ბილეთის ფასის ჩათვლით. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზა შეიცავს მგზავრთა ტელეფონის ნომრების შესახებ თითქმის 3,5 მილიარდ ჩანაწერს.

ჰაკერების ჯგუფში "ვაჟნიე ისტორიის" წყარო ირწმუნება, რომ KibOrg არ გეგმავს მონაცემთა სრულად გასაჯაროებას. ჯგუფი განიხილავს ბაზის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებას, გაყიდვას, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდების შესაძლებლობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები