22-09-2023 21:24:00 საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდამსხმელები ფიზიკურად მის მეგბრებსაც გაუსწორდნენ, მათ შორის, ნაცემები არიან ფეხბურთელები კახა ალადაშვილი და გიორგი ილურიძეც.
"მოცვივდნენ, ჩემი მეგობრები საშინლად არიან ნაცემები",– თქვა ეძგვერაძემ.
ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ნაცემები არიან სხვა ახალგაზრდებიც – ეძგვერაძის მეგობრები და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ენმ–ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები კასტეტებით იყვნენ შეიარაღებულები.
მოგვიანებით ადგილზე მისულ პოლიციელებსა და ეძგვერაძის გულშემატკივრებს შორის შეხლა–შემოხლა მოხდა. სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის ნიკა მელია.
უშუალოდ თავდასხმა დღის ბოლოს, ეძგვერაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მოხდა.
დეპუტატი ყვება, რომ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მის სახლთან არსებულ ნაგებობაში, სადაც ავტომანქანებით მივიდა 20–მდე პირი.
მისი თქმით, ისინი ახენებდნენ მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს. დეპუტატი მომხდარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას უკავშირებს.
"ზარნაძე დაახლოებულია "ზონდერ" – ჯგუფებთან. ესენი იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. ყველას ამოცნობა შემიძლია და ვთქვა, ვინ იყვნენ. საშინელება მოაწყვეს.მოულოდნელად დაგვესხენ თავს. ყველაფერი დალეწეს. ჩემი მეგობრებიც ნაცემები არიან. მანქანებით შემოვარდნენ. სულ თავში მაქვს ნარტყამი. გვიროდნენ ზარნაძის გვარსაც, "წამოგვაგე პროვოკაციაზეო" – რას გულისხმობდნენ, არ ვიცი",– ყვება დეპუტატი.
მისი თქმით, ადგილზე ვიდეოკამერები არსებობს და პოლიციელებს შეუძლიათ, ჩანაწერები ამოიღონ.