მეფე ჩარლზი: დარწმუნებული ვართ, უკრაინა გაიმარჯვებს
22/09/2023 21:01:52 პოლიტიკა
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ საფრანგეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მას მტკიცედ სწამს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების.
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში გამოსვლისას მეფემ მეორე მსოფლიო ომის მოვლენები გაიხსენა, როდესაც ბრიტანელები და ფრანგები "მხარდამხარ იბრძოდნენ ევროპის განთავისუფლებისთვის."
მისი თქმით, დღეს ისინი კვლავ დგანან "კონტინენტზე გაუმართლებელი აგრესიის წინაშე."
ჩარლზ III-მ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და დაუდასტურა მხარდაჭერა: "ჩვენი გადამწყვეტი მოქმედება და ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე."
მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს საფრანგეთთან ალიანსის გასაძლიერებლად.
ჩარლზი პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, რომელმაც საფრანგეთის სენატის მთავარ პალატაში ისაუბრა. მის გამოსვლას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.


