მე კი არ უნდა ვიმართლო თავი, მათ უნდა დადონ მტკიცებულება - ზარნაძე ეძგვერაძის ცემაზე
22/09/2023 21:00:38 პოლიტიკა
გლდანის მაჟორიტარი, "ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და ენმ-ის დეპუტატის წარსულზე აკეთებს აქცენტს
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რაღაცას რომ მაბრალებენ, მე კი არ უნდა ვიმართლო თავი არამედ მათ უნდა დადონ ამის მტკიცებულება. როცა რაღაცას მაბრალებს ადამიანი, ნება უნდა იბოძოს და ამის მტკიცებულება დადოს. გადახედეთ მის წარსულ ცხოვრებას. ის არის ნასამართლევი, შეწყალებით გამოშვებული ადამიანი. ჩემს წარსულზე ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მზად ვარ, ნებისმიერ წუთს ამაზე პასუხი გავცე“, - განუცხადა ზარნაძემ "ინტერპრესნიუსს".
ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ, ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, ის ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარნაძის გვერდით იყვნენ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე. „იარაღით, როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში", - აღნიშნა ეძგვერაძემ.
მისი თქმით, მის სახლთან 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ენმ-ის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.


