
შსს–მ პოლიციელებსა და ეძგვერაძის მხარდამჭერებს შორის მომხდარ შეხლა–შემოხლაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
22/09/2023 22:00:19 სამართალი
შსს– თბილისში, გლდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის ორი მუხლით აღძრა. ერთი ეხება საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის და მისი თანმხლები პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ხოლო მეორე, როგორც შსს–ს განცხადებიდან ირკევა, უკვე ეძგვერაძის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეხლა–შემოხლას. პირველ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მეორე – სსკ–ის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. თუმცა ამ მუხლით ამ დროისთვის დაკავებული სავარაუდოდ არაავინაა. გლდანში დაკავებულ ოპოზიციონერებს – ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
როგორც შსს–ს აღნიშნავს, "შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”.
ამასთან, შსს–ს ცნობით, მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.
შსს-ს მოუთითებს, რომ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში მოთავსებულმა პირებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე უარი განუცხადეს და განმარტეს, რომ ჩვენებას მისცემენ სასამართლოში.
მანამდე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პოლიციელები მივიდნენ საავადმყოფოში და ზეწოლას ახდენდნენ დაზარალებულებზე.
"მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები",– აცხადებენ შსს–ში.
ეძგვერაძეზე და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმა დღის ბოლოს მის სახლთან განხორციელდა. დეპუტატის ინფორმაციით, თავს დაახლოებით 30–მდე პირი დაესხათ. მომხდარს ის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს, სადაც ეძგვერაძესა და "ქართული ოცნების" წევრ ზარნაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. თავად ზარნაძე კავშირს უარყოფს და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.
ეძგვერაძემ განაცხადა, რომ ამოიცნო "მთავარი თავდამსხმელი" და რომ ის "კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძის ძმაა. სავარაუდოდ, საუბარია ლევან შუკაკიძეზე.
მოგვიანებით ადგილზე მის მხარდასაჭერად გულშემატკივრები მივიდნენ, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. შემდეგ ვითარება ეძგვერაძის მხარდამჭერებსა და პოლიციელებს შორის დაიძაბა, როგორც განიმარტა, "პოლიციის უმოქმედობისა და ცინიკური დამოკიდებულების" გამო. დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.