23-09-2023 11:52:16 პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გუშინ, გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას, ასევე, დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.
აღნიშნულის შესახებ საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი გუშინ, საკრებულოში კრიტიკული აზრის გამო დაწყებული ინციდენტი იყო.
„გუშინ, ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მოწმეები. „ქართული ოცნების“ „ტიტუშკების“, პოლიციის, სუს-ის „ნასეტკების“ მონაწილეობით ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა, უმოწყალოდ სცემეს საკრებულოს დეპუტატი. საზოგადოება, კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი საკრებულოში გამოდის და ითხოვს, დაისაჯოს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე; რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, მზად არიან, სახლთან დახვდეს სუს-ის 40-მდე აგენტი, „ნასეტკა“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების, მშობლების თვალწინ. რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალები, ლაჩრები, არაადამიანები, არაკაცები ამას ვერ გაბედავდნენ. არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც საკრებულოში დაიწყო, ეს ყველაფერი კრიტიკულ აზრს მოჰყვა, ამიტომ კითხვები გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, ასევე კითხვები გვაქვს სუს-თან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან. მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, არამედ დაისაჯონ დამკვეთები და ორგანიზატორები, რომლებიც უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუს-სა და პოლიციაში. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაპატიმრებული ადამიანები - ზვიად კუპრავა, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე. ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდათ კითხვები, სად იყო პოლიცია, როდესაც იკრიბებოდნენ ადამიანები და თავდასხმის ორგანიზება ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს გუშინ, 22 სექტემბერს დაესხნენ. ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ, ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, ის ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარნაძის გვერდით იყვნენ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე. „იარაღით, როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში", - აღნიშნა ეძგვერაძემ.
მისი თქმით, მის სახლთან 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ენმ-ის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.