მანჯგალაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე:"დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა"

23-09-2023 12:23:33 პოლიტიკა

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სისულელეა განმარტება, თითქოს ფარცხალაძემ პასუხი რომ აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა.

„ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული პრეზიდენტის მისამართით მაინც. ყველაზე მცირე, ის არის შეცდომაში შესული. თვითონ თუ გადაწყვიტა, ვინმემ თუ ურჩია – არ ჰგავს ეს მისი კეთილისმსურველის რჩევას, უფრო არის სიბრიყვე. განმარტება, რაც თქვა, თითქოს იმისთვის, რომ ფარცხალაძემ პასუხი აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა, სისულელეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ჯერ კიდევ გაუშიფრავი ჯაშუშები, უფრო მაღალი რანგის, ვიდრე ფარცხალაძე იყო. იცით თქვენ, რომ ჯაშუში ჯაშუშის ტყავს არ დახევს. არანაირი გამოძიება საქართველოში არ იქნება. ცუდია, რომ პრეზიდენტი ამას ვერ ხვდება და დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ დგას საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა.

„საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც იმ პროცედურით მიიღებს მოქალაქეობას, ჩვენი ვალდებულებაა, შეუწყვიტოს მოქალაქეობა. არ ვიცი, მიზანი რა არის, რას ემსახურება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დატოვება. ეს ნიშნავს, რომ დარჩეს ქართულ იურისდიქციაში და მაქსიმალურად დააფარონ ხელი ღარიბაშვილმა და კობახიძემ. არ ვიცი, პრეზიდენტი კონსტიტუციაში როგორ ერკვევა, რამდენად კარგად იცნობს კონსტიტუციას, მას ჰყავს მრჩეველები. ვინც მას ეს უთხრა, არის ყველაზე მცირე, ბრიყვული რჩევა და უფრო შორს თუ წავალთ, ეს ჰგავს შეიძლება, ხელისუფლების პროვოკაციას, რომ ისეთი გარემოცვაა პრეზიდენტის ირგვლივ, რომელზეც გავლენა აქვთ კობახიძესა და ღარიბაშვილს.

მოქალაქეობა არაფერ შუაში არ არის, კობახიძის განმარტებაც კი აბსურდულია. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ის უფლება, გარდა საარჩევნო და კონკრეტული უფლებებისა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ავტომატურად ვრცელდება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. ის რეგულაციაც სისულელეა, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, რადგან ეს გამონაკლისი უცხოელზე არ ვრცელდება, მაშინ გამოდის, რომ ყველა რუსი დასანქცირებული პირი ჩამოვა და კობახიძემ ყველა ჯაშუშს მოუწყო ერთგვარი სამოთხე საქართველოში, ყველა სანქცირებულს. ამიტომ ვამბობ, შეცდომაშია შესული. მაქსიმალურად კორექტული ვარ და უფრო მეტიც შემიძლია, ვთქვა, მეტსაც ვფიქრობ, მაგრამ არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა:

„ჩვენ ვამბობდით და არსად მიმაქვს ჩემი ნათქვამი. დიახ, ის, რომ ფარცხალაძეს ამ დრომდე აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

19 სექტემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად.

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", - ნათქვამი იყო პრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნეს.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები