
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა
08/12/2019 18:52:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საარჩევნო სისტემის თაობაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კვლავინდებურად აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. თუმცა წინა რაუნდისგან განსხვავებით, დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა.
"წინა შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები რეალურად სჭირდება ე.წ. გერმანულ მოდელს, ვინაიდან ის არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ ამ საკითხს ჩვენ ახლა არ განვიხილავთ. მოლაპარაკებების თემა არის უკვე არსებული შერეული მოდელის ფარგლებში მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ ნაწილთან დაკავშირებით, რათა მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. მოვემზადებით და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოვიტანთ არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში. მივესალმებით, რომ ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება პროცესი და რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საუბარს ადასტურებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც:
“მინდა მოქალაქეებსაც ავუხსნა: აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევს თითო მაჟორიტარს. მომავალში ქართულ მოდელში, სადაც არის პროპორციული გადანაწილება 150 ადგილის, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება და იქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. მაგალითად, სამეგრელოში ერთი ოლქი იქნება და [არჩევნებზე] 7 საუკეთესო შედეგის მქონე ადამიანი შევა პარლამენტში. ასე მოქმედებს მრავალმდანდატიანი მაჟორიტარული სისტემა. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და მასთან დაკავშირბით “ოცნებამ“ თქვა, რომ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ".
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, დაიწყო ოპოზიციის შეთავაზების კომპონენტების სათითაოდ განხილვა.
"ე.წ. გერმანული მოდელი არის ჩვენი შეთავაზების საკვანძო კომპონენტი. ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინადადებით დავიწყეთ კონპონენტ-კომპონენტ გავლა ჩვენი შეთავაზების. მაგალითად, ახლა ველოდებით მრავალმანდატიან ოლქებზე, ამ ნაწილზე ჩვენი შეთავაზების, მმართველი პარტიის პოზიციას. . ეს არის მიღწევა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უარს იძახდნენ, საერთოდ არც კი დავჯდებით და არაფერს განვიხილავთო, ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადებების ამ კომპონენტს", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად გაგრძელდება აქციები:
"სანამ შედეგი არ გვექნება, რა თქმა უნდა, აქციები გაგრძელდება, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე აქციები".
სასტუმრო „შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა, რომელსაც უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ცნობისთვის: „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი.
ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.