24-09-2023 23:26:15 სამართალი
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შემხებლობა არ აქვთ პოლიციელზე ძლადობასთან.
როგორც ცნობილია, გლდანში მას შემდეგ რაც ჯერ ადამიანთა ჯგუფი ენმ–ს წევრს, დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს დაესხა თავს, ხოლო შემდეგ ეძგვერაძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მოხდა შეხლა–შემოხლა, სამი პირი ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს – ნიკა მელია, ბაჩო დილიძე და ზვიად კუპრავა. თუმცა შსს–ს სისხლის სამართლის საქმეც აქვს აღძრული პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
"მე, როგორც იურისტი, რომელიც მრავალი წელია ამ მიმართულებით ვმოღვაწეობ, მტკიცებულებების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, რომ მათ რაიმე სახის, იოტისოდენა რისკი ჰქონდეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს პარალელურად გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით, ანუ, პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ერთ-ერთ პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ეს თავიდან ხუმრობა მეგონა. უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის, უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს, ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ეს მოტივაცია. არცერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან. არავითარი ძალადობის ელემენტები არ არის. ეს იყო მძიმე, დაძაბული სიტუაციის ფონზე პროვოცირებული ქმედება პოლიციის მიერ, რასაც მოჰყვა უკანონოდ მათი დაკავება, მრავალწუთიანი ვიდეო, სადაც ცდილობენ ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების დაკავებას, გასაგებია, როდესაც უკანონოდ გაკავებენ, კონსტიტუციური უფლება გაქვს, რომ გაეცნო რატომ გაკავებენ და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიო“,- აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო. დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.