Accentnews.ge
ფაშინიანი: ჩვენმა უსაფრთხოების სისტემებმა არ იმუშავა! უნდა ავირჩიოთ, სომხეთი იქნება თავისუფალი თუ შეშინებული პერიფერიული პროვინცია?!

ფაშინიანი: ჩვენმა უსაფრთხოების სისტემებმა არ იმუშავა! უნდა ავირჩიოთ, სომხეთი იქნება თავისუფალი თუ შეშინებული პერიფერიული პროვინცია?!

25/09/2023 10:18:05 კავკასია

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის მოვლენების გამო ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა ფაქტმა აიძულა მთავრობა, გამოეტანა დასკვნები და გადაეფასებინა ვითარება.

"ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით",– თქვა ფაშინიანმა და ამ კონტექსტში გაიხსენა როგორც ყარაბაღის მეორე ომი, ისე უშუალოდ სომხეთის სასაზღვრო ზონაში 2021 წლის მაისსა და ნოემბერში, ასევე 2022 წლის სექტემბერში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტები.

მისივე თქმით, "ხცაბერდისა და ხინ თაჰერის აღება მთიან ყარაბაღში 2020 წლის დეკემბერში და 60-ზე მეტი სომეხი სამხედრო მოსამსახურის დატყვევება, პარუხის მოვლენები, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ტერორი, ლაჩინის დერეფნის ბლოკადა, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის მიზნებსა და მოტივებზე მთიან ყარაბაღში".

მან მთიანი ყარაბაღის მკვიდრ სომხების უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სრული პასუხსიმგებლობა ეკისრებათ აზერბაიჯანს და რუს სამშვიდობოებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო მექანიზმები მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"სომხეთს არასოდეს მიუტოვებია მოკავშირეების წინაშე აღებული ვალდებულებები და არასოდეს უღალატია მოკავშირეებისთვის. თუმცა, მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სისტემებმა და მოკავშირეებმა, რომლებსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვეყრდნობოდით, დასახეს ამოცანა, გამოავლინონ ჩვენი დაუცველობა და ამტკიცონ სომეხი ხალხის უუნარობა, ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო",– თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომმსგავს დამოკიდებულებას არ აქვს კავშირი მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წელს სომხეთში მომხდარი არაძალადობრივი რევოლუციის შედეგად, "ჩვენ რეგულარულად ვაკვირდებით ამ პოლიტიკის გამოვლინებებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში". ამ კონტაქსტში მან 2014-2015–2016 წლებში სომხეთის სასაზღვრო ზონაში შექმნილი დაძაბულობა გაიხსენა.

ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის მთავრობა არასდროს დათანხმდება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემზღუდავ ფორმულირებებს, მაგრამ "იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიაქციონ სომხეთის სურვილს დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის შესახებ, ზოგიერთი პარტნიორი სულ უფრო მეტად ცდილობს, გამოავლინოს ჩვენი უსაფრთხოების სისუსტეები და საფრთხეში აყენებს არა მხოლოდ სომხეთის გარე, არამედ შიდა უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რაც შემაშფოთებელია, დარღვევაა დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ეტიკეტის ყველა ნორმის, მათ შორის – ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები".

ამ კონტექსტში, მისი თქმით, "აუცილებელია სომხეთის გარე და შიდა უსაფრთხოების ინსტრუმენტების გარდაქმნა, შევსება და გამდიდრება ყველა პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიც მზად არიან ურთიერთსასარგებლო ნაბიჯებისთვის".

ფაშინიანი ამ გეგმაში განიხილავს არა მხოლოდ არმიისა და უსაფრთხოების ძალების "ღრმა და ყოვლისმომცველ რეფორმებს", არამედ 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებების დე იურე დაფიქსირებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა სომხეთის ადმინისტრაციული საზღვრები სომხეთის სახელმწიფო საზღვრები ხდება.

ამ კუთხით განიხილავს ფაშინიანი რომის სტატუტის რატიფიცირებას, რაც მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკას საშუალებას მისცემს, გამოიყენოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობები საგარეო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ფაშინიანის თქმით, რომის სტატუტის რატიფიცირების გადაწყვეტილება 2022 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც "ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ოდეკაბე–ს და სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ინსტრუმენტები არ არის საკმარისი სომხეთის გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.

"სომხეთი უნდა იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ბედნიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. თუმცა, ამ გზაზე აუცილებელია, დავამტკიცოთ ჩვენი ნება, ვიყოთ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ მივყვებით ამ გზას, პატივს ვცემთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მაგრამ ასევე ველით იგივე პატივისცემას ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი თავისუფლების მიმართ. ჩვენთან ბოლო წლებში განვითარებული და დღესაც მიმდინარე მოვლენების უფრო ღრმა მნიშვნელობა ასეთია: იქნება სომხეთი სუვერენული, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო თუ შეშინებული პერიფერიული პროვინცია? მსგავსი არჩევანი უკვე ღიად კეთდება ჩვენს პოლიტიკურ ველზე. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი: დამოუკიდებლობის დაცვის მოძრაობის მონაწილე ხდება თუ პერიფერიული პროვინციის მხარდამჭერი!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S