ილია დარჩიაშვილი – ილვა იოჰანსონს: ვიმედოვნებ, ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას
26/09/2023 06:53:15 პოლიტიკა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საშინაო საკითხებში ევროკომისარს, ილვა იოჰანსონს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.
"მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
აქვე, მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა EUROPOL-ი და Frontex-ი, თანამშრომლობის დინამიკა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
- გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


