ლევან ხაბეიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ბიძინა ივანიშვილის თამაშებში
26/09/2023 07:50:16 პოლიტიკა
"სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ბიძინა ივანიშვილის თამაშებში", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მსჯელობა უნდა მიდიოდეს არა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობაზე, არამედ ის უკვე დაკავებული უნდა იყოს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გაგრძელებაა და მის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ფარცხალაძეს ზურაბიშვილი არ ართმევს მოქალაქეობას, რეალურად, მას ამით აქვს გარკვეული პრივილეგიები ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომაა, სავარაუდოდ, რომ ის უნარჩუნებს მოქალაქეობას, ეს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილი ჩართულია ივანიშვილის თამაშებში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხიც ივანიშვილის მიერ მოგონილი თამაშია:
„ჩვენ არ ვაპირებთ მოგონილ, რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომ თითქოსდა იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს. ვწუხვარ, რომ ამაზე არ დამთავრდა სპეკულაციები, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არ ვაპირებთ საერთოდ ამ სხდომაზე შესვლას. ალბათ, ეჭვიანი ადამიანები არიან (ვინც ამაზე საუბრობს), უნდათ რომ ეჭვი ჰქონდეთ და მერე აქტუალურები იყვნენ ამ თემით. ეს არის ივანიშვილის თამაში და ნუ შევდივართ ამ თემის განხილვაში, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი, რომ ამაზე ვისაუბროთ”.


