სალომე სამადაშვილი: თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში პირადი ვიზიტით დადის, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებენ?
26/09/2023 09:58:21 პოლიტიკა
"თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში პირადი ვიზიტით დადის, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებს მას „ქართული ოცნება“, პირადი ვიზიტისთვის?", - ასე ეხმიანება „ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა იგი საქართველოს არ წარმოადგენს“.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „პაპუაშვილის განცხადება არა თუ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც აბსურდია“:
„ეს აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სირცხვილი უბრალოდ არ აქვს და ამასთან, არაკვალიფიციური ხალხია. თუ პირადი ვიზიტით დადის სალომე ზურაბიშვილი ევროპაში, იმპიჩმენტს რის საფუძველზე უცხადებს მაშინ მას „ქართული ოცნება“, პირადი ვიზიტისთვის? რაც შეეხება, რა გადაწყვეტილება იქნება იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტში, არ ვიცი. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ყველა დეპუტატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს ამ ისტორიულ მომენტში, მიუხედავად, იმისა რა მოტივაციით გაამართლებს საკუთარ მოსაზრებას, ჩემი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟში მიიღებს მონაწილეობას".
მისი თქმით, "ხელისუფლების მხრიდან ზურაბიშვილზე თავდასხმა და იმპიჩმენტის პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს ევროკავშირში განცდას, რომ მართალია, ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარი დღის წესრიგი ვერ განახორციელოს“.
მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს.


