ზურაბიშვილის სვლა: ვის „თამაშს“ თამაშობს პრეზიდენტი

26-09-2023 18:30:34 ანალიზი

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული რამდენიმედღიანი ენერგიული პროცესების შემდეგ, თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ სკანდალებს ნაჩვევი ქართული საზოგადოება, მიუხედავად თემის სიმძიმისა, „ანტრაქტზე“ უნდა გასულიყო, თუმცა პრეზიდენტმა ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით, თემა დღის წესრიგიდან არ ჩახსნა: ფარცხალაძის „ქეისით“ გამოვლენილი მანკიერებები, რამაც ამ პერსონის საქმე კონტექსტად აქცია, დროში არ გადაავადა – ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის ბრძანება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი შექმნა, დღეს, მორიგი „ფარცხალაძის“ გამოვლენამდე ინარჩუნებს სიმწვავეს და ვერც მმართველი გუნდი გათავისუფლდა „ფარცხალაძის“ ტვირთისგან, მიუხედავად მოლოდინისა, „გავა მოქალაქეობიდან, ყველაფერი წესრიგში ჩადგება, ჩვენ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს ვიცავთო“.

მას შემდეგ, რაც ყველა შეთანხმდა, რომ ფარცხალაძე კანონიერად არ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას და ის ერთი წლით ადრეც უნდა შეწყვეტოდა (რუსეთის მოქალაქეობის მიღებიდან გამომდინარე), პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოუჩნდნენ კრიტიკოსები პოლიტიკური ველის ორივე ფლანგზე. აქცენტირებენ სამართლებრივ პრობლემურობაზე, თუმცა „ბიძინა ივანიშვილის თამაშში ჩართვაშიც დასდეს ბრალი“.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გაგრძელებაა და მის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ფარცხალაძეს ზურაბიშვილი არ ართმევს მოქალაქეობას, რეალურად, მას ამით აქვს გარკვეული პრივილეგიები ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომაა, სავარაუდოდ, რომ ის უნარჩუნებს მოქალაქეობას, ეს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილი ჩართულია ივანიშვილის თამაშებში“, - განაცხადა ენმ–ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდნტი აპელირებს ბრძანებულების გამოსაცემად განსაზღვრულ სამთვიან ვადაზე, ხოლო მოტივად სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებას და ამ დრომდე გაურკვეველი მუხლით მიმდინარე გამოძიებას ასახელებს: "ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე".

ამასთან, მას ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება“, ვინაიდან, "საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას".

პოლიტიკური ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი უფრო პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი, ვიდრე სამართლებრივით:

„ეს შემხვედრი ნაბიჯი იყო პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა – როდესაც სებ–მა ჯერ შეზღუდვები დაუწესა ფარცხალაძეს, შემდეგ კი დრო მისცეს, რომ ქონება გადაეფორმებინა. გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი. და როდესაც დიდწილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი, ეს მას ნიშნავს, რომ მას ამ შემთხვევაში რაღაც მოლოდინები აქვს. როდესაც ფარცხალაძე რჩება საქართველოს იურისდიქციაში, საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, გარდა იმისა, რომ ძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, პრეზიდენტის მიზანია, აიძულოს ხელისუფლება, უფრო მკვეთრი და მკაფიო ნაბიჯები გადადგას ფარცხალაძესთან და ზოგადად, სანქციებთან მიმართებით. ამიტომაც ამბობს, რომ სამთვიანი ვადა აქვს და „ამ ვადას ვიყენებ იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები იქნეს დაცულიო“. მგონია, რომ მაინც მინიმალური იქნება პოლიტიკური შედეგი. „ქართული ოცნება“ შეეცდება, ამ თემის იგნორირება მოახდინოს, რამდენჯერმე ითქვა, „დროა, ფარცხალაძე დავივიწყოთო“. ამაზე მხოლოდ ოპოზიცია ისაუბრებს“.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილსაც ესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ლოგიკა.

„როგორც კი ფარცხალაძე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ერთადერთი, რუსეთი ხდება მისი პატრონი და გარკვეულწილად მის გადარჩენაზე დაიწყებს მუშაობას. პრეზიდენტი კი ფარცხალაძეს საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ტოვებს. დიახ, ამჟამად მასზე სანქციები არ მოქმედებს თურნავას გადაწყვეტილების მიხედვით. ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილება აიძულებს კანონმდებელს, იფიქროს, რამდენად სასარგებლოა და არა მავნე, რომ ისინი დღემდე ინარჩუნებენ თურნავას გადაწყვეტილებას? რადგან ის საფრთხის ქვეშ აგდებს უკვე საქართველოს ფინანსურ სისტემას. რამდენად ეფექტურია, სხვა საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მიდგომაში ლოგიკა არის და მტკიცება, რომ სალომე ზურაბიშვილი მუშაობს „ქართული ოცნებისთვის“, ჩემთვის არადამაჯერებელია. ხოლო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს უცნაურად, მაგრამ ლოგიკურად, ჩემთვის გასაგებია და მიმაჩნია, რომ აქედან გარკვეული სარგებელი უნდა დარჩეს პირობითად, დემოკრატიულ საქართველოს („ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად), რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ“.

მისი ხედვით, პრობლემა კოლექტიურ "ფარცხალაძეებშია" და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებაში, რომელიც "ფარცხალაძეებს" იცავს და ის უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში, „ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშა დადგება საქართველოს ინტერესები, ფინანსური სისტემა“. „სანქციებით ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ დგებიან „ფარცხალაძეები“, ვინც ქმნიან პირამიდას, რომლის თავშიც ივანიშვილია. თუ „ფარცხალაძეები“ გამოეცლებიან ამ სისტემას, დაიწყება პირამიდის შლაც. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ პირამიდის დაშლას უწყობს ხელს“,– აჯამებს ზაქარეიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები