
აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს
26/09/2023 14:43:06 კავკასია
აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს,– ამის შესახებ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა განაცხადა.
მთიან ყარაბაღს სომხები მასობრივად ტოვებენ. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე უკვე 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა.
„26 სექტემბერს 8:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღიდან 13 550 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.
მისი ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.