
პენტაგონი სამხედროებში პრორუსული სიმპათიების ზრდით შეშფოთებულია
09/12/2019 09:39:16 სხვა, მსოფლიო
რუსეთის მცდელობებმა დასავლეთი დაუსრულებელი საინფორმაციო კამპანიის გამოყენებით დაასუსტოს, შესაძლოა, ნაყოფის გამოღება დაიწყო. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ამერიკელი სამხედროები: მართალია, ამერიკელების უმრავლესობა მოსკოვს კვლავინდებურად აშშ–ის ერთ–ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იმ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ აღნიშნული მოსაზრება იცვლება, განსაკუთრებით – ამერიკელ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის, – იუწყება „ამერიკის ხმა“.
ეროვნული თავდაცვის მეორე ყოველწლიური კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების თითქმის ნახევარი – 46%, რუსეთს მოკავშირედ განიხილავს. ამასთან, მთლიანობაში აშშ–ის მცხოვრებთა შორის ამ მოსაზრებას რესპონდენტთა მხოლოდ 28%–ით იზიარებს, თუმცა ეს 9%–ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
მთლიანობაში, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ რუსეთის მიმართ პოზიტიური შეხედულება სავარაუდოდ, „იმ რესპუბლიკელების მიერაა განპირობებული, რომლებმაც რუსეთის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის დადებით შეფასებებზე მოახდინეს რეაგირება“.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის მცხოვრებთა 71%, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრთა 53% ჯერ კიდევ თვლიან რუსეთს მტრად, პრორუსული განწყობების ზრდამ პენტაგონი შეაშფოთა.
"რუსეთის მხრიდან თვალს ვადევნებთ მედიაგარემოს დეზინფორმაციით ავსების მცდელობას ეჭვებისა და დაბნეულობის დასათესად, ეს ხდება არა მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი და წამქეზებელი ხასიათის დიალოგების, არამედ ცრუ ისტორიების გამოყენებით. [...] პენტაგონი აქტიურად მუშაობს რუსული დეზინფორმაციის სამხილებლად და მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია“, – განაცხადა აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარლა გლისონმა.