ევროკომისარი ევროკავშირს მოუწოდებს, მოემზადოს ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის

26-09-2023 21:17:23 ევროპა

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა ევროკავშირს მოუწოდა, მოემზადოს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მით უმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს“ , - განაცხადა ლენარჩიჩმა.

ევროკომისიამ ასევე გამოაცხადა მთიანი ყარაბაღისთვის ფინანსური დახმარების 5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ. თანხები მოიცავს 500 000 ევროს გადაუდებელ დახმარებას, რომელიც გამოცხადდა გასულ კვირას და 4,5 მილიონი ევროს ახალ დაფინანსებას ლტოლვილების დასახმარებლად.

დახმარება გაეწევათ სომხეთში მომუშავე ევროკავშირის სხვადასხვა ჰუმანიტარული პარტნიორების მიერ და მიზნად ისახავს დაახლოებით, 25 ათას ადამიანს.

ევროკავშირი ასევე დახმარებას გაუწევს თვით მთიანი ყარაბაღის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას - დაახლოებით 60 ათას ადამიანს მიეწოდება საკვები, სამედიცინო დახმარება და საცხოვრებელი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.

მთიან ყარაბაღს სომხები მასობრივად ტოვებენ. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე უკვე 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა.

„26 სექტემბერს 8:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღიდან 13 550 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.

მისი ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.

ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები