ბოკერია: რუსული აგრესია და ქართველების გენოციდი აფხაზეთში უსამართლოდ შეფასდა ეთნიკურ კონფლიქტად, დღეს არის შესაძლებლობა, საქართველომ სიმართლე გაიტანოს
27/09/2023 06:27:42 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თავის დროზე აფხაზეთის ომი რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ შეფასდა ეთნიკურ კონფლიქტად და დღეს, როდესაც თავისუფალი სამყაროს პოზიცია მყარი ხდება მოსკოვის მიმართ, ეს საქარველოსვის შესაძლებლობაა, საკუთარი სიმართლე "გაიტანოს". ამის შესახებ ბოკერიამ ისაუბრა გმიმართა მემორიალთან, სადაც პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 30 წლის წინ დაღუპულ გმირებს.
"დღევანდელი დღე ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 30 წლის წინ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და შემდეგ მოაწყო ქართველების გენოციდი აფხაზეში. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი ფაქტორის გამო, ეს ძირითადად შეფასდა უბრალოდ ეთნიკურ კონფლიქტად. ეს შედიოდა რუსეთის ინტერესებში. ეს იყო უსამართლობა მსხვერპლის მიმართ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო მიდგომა, რომელიც იყო დამკვიდრებული. დღეს, როცა დაგვიანებით, მაგრამ ამ ბოროტების, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, თავისუფალი სამყაროს პოზიცია მყარი ხდება, შეიცვალა, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ ეს სიმართლე ახლა მაინც გაიტანოს – დაგვიანებით მაინც. ეს არის მორალურად აუცილებელი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ყველაფერს შეეწირა და ეს არის ჩვენს ეროვნულ სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მთლიანობის და თავისუფლების",– განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა და ამ დრომდე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს.


