27-09-2023 11:54:52 საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ამხელს, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმის ირგვლივ, რომელსაც აშშ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს.
"ძიების პროცესში დამატებით კომენტარს არ ვაკეთებთ",– უთხრეს "აქცენტს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში.
ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ 14 სექტემბერს გახდა ცნობილი. როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპრატმენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, "ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის". მასში, აღნიშნულია, რომ იგი ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE- სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50%–იან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად.
"ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია. ონიშჩენკომ და უშიშროების ფედერალური სამსახურმა გამოიყენეს ფარცხალაძე ერთგვარ ბერკეტად, საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან "ეფესბესთან", – ნათქვამია დოკუმენტში.
იუწყებიან, რომ ფარცხალაძეს ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის მიღებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა," - წერია განცხადებაში.
15 სექტემბერს სუს–ი ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. კერძოდ, თქვეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ დაიწყო საკითხის მოკვლევა.
19 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა, რომ დაიწყო გამოძიება. უწყებაში თქვეს, რომ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება.
„ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას".
22 სექტემბერს სუს–ში დაადასტურეს მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ცნობა, რომ ფარცხალაძე გამოიკითხა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის არც მაშინ მიუწოდებიათ.