
აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ყოფილი "პრემიერის" დაკავების შესახებ იუწყებიან
27/09/2023 11:30:41 კავკასია
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (მთავრობის მეთაური) რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა, – იუწყება მისი მეუღლე ვერონიკა ზონაბენდი.
მისი მონაცემებით, ვარდანიანი ლაჩინის დერეფანში, აკარის ხიდზე გადასვლისას "აიყვანეს ტყვედ".
ეს ინფორმაცია რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს ბიზნესმენთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მოხდა აკარის ხიდზე გავლისას, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ბიზნესმენი სხვა ლტოლვილებთან ერთად გეგმავდა რეგიონის დატოვებას და სომხეთში გადასვლას.
ვარდიანიანი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა "დააკავეს", - იუწყება გაზპრომ-მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე, კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი.
კრემლს არ აქვს ინფორმაცია ვარდანიანის დაკავების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, „ყოველ შემთხვევაში, ის არის რუსეთის მოქალაქე, მას აქვს რუსეთის მოქალაქეობა, ასე თუ ისე, ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია, მოხდა თუ არა დაკავება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ მის უფლებებს“.
გასული წლის სექტემბერში ვარდანიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, რათა გადასულიყო მთიან ყარაბაღში და გამხდარიყო არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი. „მე მივიღე გადაწყვეტილება იმის გაცნობიერებით, თუ რა რისკებს ვიღებდი საკუტარ თავზე, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და გადავიდე არცახში, როგორც სომხეთის მოქალაქე. ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ძალიან სწორი იყო“, - აღნიშნა მაშინ ვარდანიანმა.
2022 წლის 4 ნოემბრიდან 2023 წლის 23 თებერვლამდე იყო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი (მთავრობის მეთაური). ვარდანიანის გადადგომა იყო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაჩინის დერეფნის განბლოკვისთვის. ამასთან, ბიზნესმენმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რეგიონის დატოვებაზე უარი თქვა.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ვარდანიანმა გაერო-ს ბაქოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, სომხეთს კი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.
Forbes-ის მონაცემებით, ვარდანიანის ქონება 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის 2022 წელს რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 116-ე ადგილზე მოხვდა. ვარდანიანი ცნობილია, როგორც საინვესტიციო კომპანიის Troika Dialog-ის მთავარი პარტნიორი.