იოსელიანი – ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე: სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება
27/09/2023 11:50:41 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არ ამბობს, შეუშლის თუ არა ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი.
მისი თქმით, ეს არ არის საკითხი, რომელზე კომენტარის გაკეთებაც შედის უწყების კომპეტენციაში.
"მოგეხსენებათ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ყველა მათ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და მერე უნდა გაკეთდეს შეფასებები. თუმცა ჩვენი, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ", - ამბობს იოსელიანი.
რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.


