
ლონდონში „აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
09/12/2019 12:46:20 კონფლიქტები
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში „აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.
როგორც ორგანიზაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 7 დეკემბერს "კონგრესის უმაღლესი საბჭოს" წევრმა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ექს–მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ შეხვედრა გამართა ლონდონის აფხაზ-აბაზინელთა დიასპორის წარმომადგენლებთან.
ორგანიზაციის ინფორმაციით, "კონგრესის" ლონდონის ოფისი რიგით მერვე რეგიონული განყოფილებაა, მსგავსი ოფისები უკვე მოქმედებს რუსეთსა (ყაბარდო–ბალყარეთში, ყარაჩაი–ჩერქეზეთში, სტავროპოლის მხარეში, მოსკოვში, სანქტ–პეტერბურგში) და თურქეთში, ამჟამად კი მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული განყოფილებების გასახსნელად იორდანიასა და ეგვიპტეში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და სირიაში.
ორგანიზაციის ცნობით, ამ მიზნით "კონგრესის" წარმომადგენლები აფხაზ-აბაზინელთა დიასპორების წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს ხანებში ჰოლანდიასა და გერმანიაში გეგმავენ.