სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მკაცრდება
28/09/2023 10:33:45 პოლიტიკა
დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით 28 სექტემბერს განიხილეს.
- ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაში დააჯარიმებენ - მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ);
- ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება;
- თუ მესამედ დაარღვევს ადამიანი ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას ჯარიმა 1000 ლარი იქნება, ორგანიზაციის შემთხვევაში - 10 000 ლარი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა დაწესებულებების მფლობელებს ურჩევნიათ დაეკისროთ სანქცია (მისი სიმცირის გამო), ვიდრე აღმოფხვრან პრობლემა. დამატებით, პარტია "ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ როცა კანონმდებლობა სამართალდარღვევის პირველად ჩადენის გამო მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, არ ხდება პრობლემის გამოსწორება.
"შესწავლილი ჰქონდათ [კანონმდებლობა] გარკვეულ პირთა ჯგუფს... იმ ნაწილში, სადაც არის განთავსებული ბარები, რესტორნები და ტურისტული ლოკაციებია, იქ და მომიჯნავე მხარეებში ცხოვრება შეუძლებელია... ერთი მხრივ, იყო რეგულაცია, მეორე მხრივ - ვერ იცავდა ადამიანებს... აღმოჩნდა, რომ [დაწესებულებების ნაწილში] იცვლებოდა პასუხისმგებლობის ამღები პირები, იძახდა, რომ "მე ვქენი, მე ჩავრთე ეს მუსიკა", -განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


