
არაღიარებული ყარაბაღის ექს–საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, ჩაბარდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას
28/09/2023 11:14:31 კავკასია
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარეს მისგან ბაქოში ჩასვლა მოითხოვა შესაბამისი გამოძიებისთვის.
„ყველამ იცით, რომ მე შეყვანილი ვარ აზერბაიჯანის "შავ სიაში" და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე, დღეს სტეფანაკერტიდან შუშში გავემგზავრო.
ეს გადაწყვეტილება ბუნებრივად გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთს და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გამიგებენ.
ჩემი გამოუცხადებლობა ან უარესი, ჩემი გაქცევა, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტს და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია",– დაწერა მან სოციალურ ქსელში.
27 სექტემბერს ლაჩინის საგუშაგოზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი დააკავა. ის ბაქოში აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის სწრაფი რეაგირების ძალებმა გადაიყვანეს. ბაქო მას "ტერორიზმის დაფინანსებას" ედავება.
დღეს, 28 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს - ასეთ განკარგულებას ხელი მოაწერა მისმა ლიდერმა სამველ შაჰრამანიანმა.