დეკანოიძე: რუსეთის მოქალაქე, რომელზეც შემაკავებელი ორდერი გამოიწერა ჩემზე ადევნებისთვის, პარლამენტთან კვლავ დამხვდა
28/09/2023 15:52:40 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასზე ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, პარლამენტის შენობასთან კვლავ დახვდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის. ისევ პარლამენტთან დამხვდა", – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს და პირველად რამდენიმე თვის წინ ნახა, როდესაც იგი რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტთან ხვდებოდა და გაყოლას სთხოვდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia. მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, არ მყავს დაცვა და ამალა. ამ დროს, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე. დაუბრკოლებლად შემოდის ქვეყანაში ისევ (პირველი ინციდენტის შემდეგ) და პარლამენტის შენობაში. როგორ დავიცვა თავი?", – მიმართავს დეკანოიძე შსს–ს.


